“სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებული 4.463 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა
“სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებული 4.463 მლნ ლარიანი ტენდერი შეწყდა. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს გვერდიდან ხდება ცნობილი.

საუბარია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე (ყოფილი „არსენალის მთა“) მდებარე ტერიტორიაზე, „სამთავრობო ქალაქის“ გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვაზე.

აღნიშნული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 9 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 463 800 ლარი იყო.

რაც

შეეხება ტენდერის შეწყვეტის მიზეზებს, შესაბამის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს შესაბამისი კონკურსის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების გადასინჯვა.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ჩანს, აღნიშნულ ტენდერში შეთავაზება 6-მა პრეტენდენტმა უკვე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ „სამთავრობო ქალაქი“ ორთაჭალაში აშენდებოდა.

მაშინდელი განცხადებით, პროექტი ითვალისწინებდა ყველა სამინისტროს ერთ სივრცეში თავმოყრას, რაც უზრუნველყოფდა როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისებრივად სხვა ეტაპზე გადასვლას.

თუმცა, მოგვიანებით, 2019 წელს ნათია თურნავამ, რომელიც იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი იყო, განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება აღარ განიხილებოდა, რადგან მთავრობას სხვა პრიორიტეტები გააჩნდა. უკვე გასული წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობას ორთაჭალის ნაცვლად ჩუღურეთში იგეგმებოდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები