პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აიათოლა ალი ხამენეის შვილს,
მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უმაღლეს ლიდერად არჩევა
მიულოცა. ოფიციალური წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური
რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას
ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ
პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და
კეთილდღეობას”, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის წერილში.
ცნობისთვის,
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 4 მარტს 88 პირისგან
შემდგარმა „ექსპერტთა ასამბლეამ“ (ორგანო, რომელსაც ირანის
მოქალაქეები 8 წელიწადში ერთხელ ირჩევენ) მოჯთაბა ხამენეი ირანის
უმაღლეს ლიდერად აირჩია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 28
თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის
დაწყების დღეს, ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
დაიღუპა.
ვინ არის მოჯთაბა ხამენეი?
55 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის მმართველ სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე
გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ იშვიათად
ჩნდება და ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა არასდროს ჰქონია, ის
წლების განმავლობაში მამის, ალი ხამენეის ადმინისტრაციაში
მნიშვნელოვან როლს — ძალაუფლების ცენტრებს შორის შუამავლის ფუნქციას
ასრულებდა.
1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, ის მსახურობდა „ჰაბიბის
ბატალიონში“. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ პერიოდში
ჩამოყალიბდა მისი მჭიდრო კავშირები ისლამური რევოლუციის გუშაგთა
კორპუსთან (IRGC) და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან, რამაც მისი
გავლენა კიდევ უფრო განამტკიცა.
პოლიტიკური ოპონენტები და უფლებადამცველები მოჯთაბა ხამენეის ხშირად
ადანაშაულებენ საარჩევნო პროცესებში ჩარევასა და განსხვავებული აზრის
წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული პოლიტიკის კოორდინაციაში. თუმცა,
აღნიშნული ბრალდებები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.