ახლო აღმოსავლეთში ომის დეესკალაციაზე ტრამპის პროგნოზის შემდეგ ნავთობის ფასი 14%-ით დაეცა
წინა დღეებში ბოლო სამი წლის განმავლობაში ნავთობის ფასების უმაღლეს ნიშნულამდე გაზრდის შემდეგ სამშაბათს, 10 მარტს, ნავთობის ფიუჩერსების ფასები 14%-ით დაეცა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა პროგნოზი, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი შესაძლოა, მალე დამთავრდეს, რამაც ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით შიშები შეარბილა.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანთან ომი

თითქმის დასრულებულია და ირანს სამხედრო თვალსაზრისით აღარაფერი დარჩა.

თბილისის დროით 14:30 საათის მონაცემებით, Brent-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $87.56-მდე დაეცა, რაც წინა დღესთან შედარებით დაახლოებით 14%-იან კლებას წარმოადგენს, როცა ორშაბათს ვაჭრობის დაწყებისას ფასი $100-ს აღემატებოდა და პიკზე $117-საც მიაღწია.

ამასთან, ანალოგიურად იკლო ამერიკული West Texas Internediate-ის ფიუჩერსების ფასმაც, რამაც ბარელზე $88.72 შეადგინა წინა დღის $115-თან შედარებით. პარასკევს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მნიშვნელოვნადგამწვავებამდე, WTI-ს ფიუჩერსების ფასი $90.90 იყო.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მარტს ბარელი ნავთობის ფასი $100 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნიშნულის ამ დონემდე ზრდის პირველი შემთხვევა იყო.

ნავთობის ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტითაა გამოწვეული, რასაც ბუნებრივი აირისა და ნავთობის წარმოების გართულებასთან ერთად, გავლენა აქვს სპარსეთის ყურის გავლით მათ გადაზიდვაზეც.

Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები