საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა
საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

ინფორმაციის თანახმად, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიულ რეჟიმში. ბიზნეს-ანალიტიკის პლატფორმა Power BI შექმნილია კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft)

მიერ და მთავარი მიზანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალურად წარმოდგენა.

„მონაცემები მოიცავს ინფორმაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწების შესახებ, მათი ფართობებისა და რეგიონული განაწილების მიხედვით. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ განახლებადი ინფორმაცია როგორც სტატიკური ცხრილების, ასევე ინტერაქტიული გრაფიკების, დიაგრამებისა და შედარებითი ანალიზის ფორმით.

სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „კორინის“ მიწის დაფარულობის კლასიფიკატორს (CORINE Land Cover), რომელიც ევროპაში ფართოდ გამოიყენება მიწათსარგებლობის მონაცემების ერთიანი სტანდარტით აღრიცხვისა და შედარებისათვის. კლასიფიკატორი საქართველოს მონაცემებს თავსებადს ხდის საერთაშორისო მონაცემებთან“
- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიწის რესურსების ანალიზზე მარტივი ხელმისაწვდომობა დაეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებებს, ბიზნეს სექტორსა და ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებასა და პროექტების მარტივად დაგეგმვაში, ასევე სტუდენტებს, მკვლევრებს და მედიას ინფორმაციის მარტივად მოპოვებაში.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები