6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება, თუმცა
განბაჟება თითქმის 6-ჯერ გაძვირდება.
ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე ისაუბრა.
შემოსავლების სამსახურის კალკულატორის მიხედვით, განბაჟების
გადასახადში გათვალისწინებულია ავტომობილის ტიპი (ბენზინი, დიზელი,
ჰიბრიდი, ელექტრომობილი), წლოვანება, ასევე ძრავის მოცულობა.
დღევანდელი ტარიფებით 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული
ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის ერთი კუბური სანტიმეტრი 0.8
ლარის აქციზით იბეგრება.
მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ცვლილებით კი
ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება. ეს კი აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას
ნიშნავს.
შედეგად, თუ ავიღებთ 6 წელზე მეტი წლოვანების (პირობითად 2019-წლიანი)
ბენზინის, 2.0 (2000 კუბური სანტიმეტრი) მოცულობის ძრავიან
ავტომობილს, ახლა მისი განბაჟება საშუალოდ 1 600 ლარი ჯდება,
ცვლილების შემდეგ კი 9 000 ლარი დაჯდება.
1.0-ძრავიანი თუ მანამდე 800 ლარი ჯდებოდა, ახლა მხოლოდ განბაჟების
თანხა 4 500 ლარი იქნება;
1.5-ძრავიანი ახლა 1 875 ლარი ჯდება, განახლებული ტარიფით 6 750 ლარი
დაჯდება;
3.0-ძრავიანის განბაჟების გადასახადი 2400 ლარის ნაცვლად, 13 000 ლარი
იქნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი
აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის
აკრძალვა იგეგმებოდა. ახალი გადაწყვეტილებით კი განბაჟება
გაძვირდება.