„2030 წლისთვის საკვები პროდუქტების მოხმარება 30 მლრდ ლარს მიაღწევს - განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში“
„საქართველოში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა”, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ სოფლის მეურნეობის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.

კვლევის ავტორების შეფასებით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი გადამუშავებული პროდუქტების მოხმარების მატებაა.

ამასთან, კვლევის თანახმად, 2025 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა.

„ძირითადი აგროპროდუქტების – ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს.

საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია,“
- ნათქვამია კვლევაში.

"2030 წლისთვის საკვები პროდუქტების მოხმარება 30 მლრდ ლარს მიაღწევს"
მათივე შეფასებით, მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს.

„მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება.

მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის,“
- ვკითხულობთ კვლევაში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები