აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გასული ღამის განმავლობაში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“.

დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის

მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და იღებდნენ „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. ისინი უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და სხვა სახის დავებზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადების დარღვევის შემთხვევაში კი მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

საქმე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამართალდამცველები მკაცრ და პრინციპულ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები