პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან, ბაქოსთან სარკინიგზო მიმოსვლა - რა დაპირება მიიღო ბიზნესმა ტურიზმის ადმინისტრაციისგან?
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრაზე უწყებისგან რამდენიმე დაპირება მიიღეს.

როგორც BMG-სთან „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკითხებს, თუ რა გავლენა აქვს საქართველოზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს და რა სტრატეგია აქვს უწყებას მოცემულ კრიზისულ ვითარებაში.

როგორც პაატა კოკაია ამბობს, ტურიზმის ადმინისტრაციისგან რამდენიმე დაპირება მიიღეს, მათ შორის

იგეგმება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი ავიაფრენები დაემატოს. ასევე იგეგმება სიხშირეების გაზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და განიხილება საკითხი, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყოს.

მისი თქმით, ამ გზით ახლო აღმოსავლეთიდან და ისრაელიდან ტურისტების დანაკლისი ვერ შეივსება, თუმცა გარკვეული დადებითი გავლენა მოსალოდნელია.

“გვქონდა ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეხვედრა, განვიხილეთ საერთაშორისო გამოწვევები, რა პრობლემის წინაშე დგას დღეს ტურიზმი. ყველანაირი ომი და საერთაშორისო სიტუაციის გართულება პირდაპირ ურტყამს ტურიზმს. იცით, რომ მთლიანად გაუქმებული არის ყურის ქვეყნებიდან ფრენები, გაუქმებული არის ისრაელიდან ფრენა და ეს ორივე მიმართულება დიდი კონტრიბუტორი იყო ჩვენს ტურიზმში. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მტკივნეულად შეეხო გუდაურს, მტკივნეულად შეეხო თბილისს.

ტურიზმის დეპარტამენტმა აგვიხსნა თავისი აქტივობები, რას აპირებენ, რა აქტივობები ჰქონდათ და მომავალში რა აქტივობებს აპირებენ. კერძოდ, გაგვაცნეს ინფორმაცია, რომ წინა თვეში ჰქონდათ საერთაშორისო მედია კონფერენციებში მონაწილეობა, ეს იყო საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სადაც 700-მდე სხვადასხვა მედიასაშუალებები და მსხვილი ტუროპერატორები იყვნენ. უკვე აპრილში პეკინში ჰქონდათ საერთაშორისო მედიაკონფერენციაში მონაწილეობა, სადაც 500-მდე მედიასაშუალება და ბლოგერები იყვნენ მიწვეულები. დიდი იმედი გვაქვს, რომ აქტივობების მხრივ კარგად იქნება საქმე. დანარჩენი მაინც საერთაშორისო ვითარებაზე არის დამოკიდებული.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ეს ქვეყნები დაგვეხურა და ამ ქვეყნებიდან ვერ მოდიან ტურისტები, მეორე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ საავიაციო ნავთობი ორნახევარჯერ გაძვირდა. შესაბამისად, ფრენები, რა თქმა უნდა, თავისთავად გაძვირდება. კატარის ავიახაზების ფრენები მთლიანად გაუქმდა, არამხოლოდ ის ფრენები, რომელიც ყურის ქვეყნებიდან მოდიოდა, გაუქმდა იმ ქვეყნებიდანაც, რომლებიც კატარის გავლით მოფრინავდნენ. ეს არის ჩინეთიც, რა თქმა უნდა და აზიის ქვეყნებიც.

ტურიზმის დეპარტამენტმა ჩვენ გაგვაცნო ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის შესაძლოა, რკინიგზა გაიხსნას. საუბარია იმაზე, რომ მაისში შესაძლოა, ბაქოსთან სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყოს. რითიც შეიძლება ჩავანაცვლოთ [ახლო აღმოსავლეთის ტურისტები], ეს არის მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტურიზმი.

თქვენ იცით, რომ დღეს აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი დაკეტილია, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი აქვს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობა ტურისტების ჩვენ დაკარგული გვყავს. თუმცაღა რკინიგზა იაფი გადაზიდვა არის და თუ ეს გაიხსნება, რა თქმა უნდა, რაღაცა დოზით ამ დანაკლისს შეავსებს.

გარდა ამისა, ტურიზმის დეპარტამენტმა გამოგვიცხადა, რომ დაახლოებით ერთ თვეში დაანონსდება ჩინეთიდან კიდევ ახალი პირდაპირი ფრენები. ესეც ძალიან პოზიტიურია, იმიტომ რომ ჩინეთისთვის ჩვენ ევროპა ვართ, ძალიან მზარდია ჩინეთიდან ტურიზმი და ძალიან კარგი იქნება თუ პირდაპირი ფრენები იქნება. ასევე შუა აზიის მიმართულებაა ძალიან გააქტიურებული და რაღაც რაოდენობით მაინც შესაძლებელი იქნება გადაფარვა ამ დანაკლისის”,
- განაცხადა პაატა კოკაიამ.

წყარო: BusinessMedia

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები