საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი
ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის,
აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტაციას და აცხადებს,
რომ იგი ამით „პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო
მოპყრობის რეალური რისკის წინაშე დააყენეს“.
„ეს დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო“, -
აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის
მოადგილე გიორგი გოგია.
პარასკევს, 10 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია
„განსაკუთრებით შემაშფოთებლად“ აფასებს დეპორტაციის
გარემოებებს, -
მათ შორის ნაშუაღამევს გამართულ სასამართლო პროცესს.
„სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით შემაშფოთებელია
აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის
ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით“, - მიიჩნევს
ორგანიზაცია.
„ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა სისხლის სამართლის და
ადმინისტრაციული ბრალდებები ჟურნალისტების, აქტივისტებისა და
პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ხოლო კრიტიკოსები ხშირად
დაპატიმრების, მოგზაურობის აკრძალვის და შევიწროების სხვა ფორმების
წინაშე დგანან“, - ამბობს HRW.
- აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორისაა რადიო
თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის რეპორტიორი, ფარიდ
მეჰრალიზადა;
- 2026 წლის 7 აპრილს აზერბაიჯანულმა სასამართლომ უარი თქვა მისი
სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და 9-წლიანი ვერდიქტი ძალაში
დატოვა.
- რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივ კაპუსმა განაცხადა, რომ
მეჰრალიზადასთვის არათუ პატიმრობა უნდა მიესაჯათ, არამედ საერთოდ არ
უნდა დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ.
- „ფარიდის საქმე წამოსწია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი ვენსმა]
ბაქოში. აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს იმის ძალა, რომ ადამიანურად
გამოასწოროს ეს უსამართლობა“, - დაწერა სტივ კაპუსმა.
„კონვენციური ვალდებულებების გვერდის ავლა“
HRW-ი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სადიგოვის
მიმდინარე საქმესა და სასამართლოს გამოცემული დროებითი მექანიზმის
შესაძლო უგულებელყოფას:
„სადიგოვის გაძევების გარემოებები სერიოზულ კითხვის
ნიშნებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება
არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა და შეთქმულებაში მონაწილეობდა
აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან ერთად, რათა გვერდი აევლოთ ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი
ვალდებულებებისათვის“, - წერს ორგანიზაცია.
„ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ
საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მისი
ვალდებულებების ნებისმიერი შესაძლო დარღვევისთვის“, -
აცხადებს HRW.
„აუცილებელია, რომ დადგეს პასუხისმგებლობა საქართველოს
ხელისუფლების აშკარა თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანთან აფგან
სადიგოვის გაძევების ორგანიზებისათვის, მისი უსაფრთხოების წინაშე
არსებული აშკარა რისკების მიუხედავად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის
უფლებათა მხრივ მათ საერთაშორისო ვალდებულებებს“, -
HRW-ს თანახმად, განაცხადა გიორგი გოგიამ.
სადიგოვის სასამართლო, გაძევება და ალიევის
ვიზიტი
2026 წლის 5 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის
გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.
- ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს დააკავა პოლიციამ - შსს-ის ცნობით,
მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო;
- ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას
ედავებოდნენ;
- სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო
სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა;
- გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას,
დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.
სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ
მეჰრიბან ალიევასთან ერთად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის
სამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს
მთავრობას აცნობეს, - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან
სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში არ უნდა გაიყვანონ საქმის
არსებითი განხილვის დასრულებამდე.