გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ
ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაპის სახეობის 1
კილოგრამი თევზი მოიპოვა.
ასევე, ელექტროიარაღის გამოყენებით თევზჭერას ცდილობდა მოქალაქე სოფელ
საჯიჯაოში, მდინარე ჭანისწყალზე, თუმცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ფაქტი მანამდე აღკვეთეს, სანამ ბრაკონიერი თევზის მოპოვებას
შეძლებდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის
სამართლის
დანაშაულია და ორივე ფაქტთან დაკავშირებული მასალები შემდგომი
რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და
ჯანმრთელობასაც. მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა,
გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
უწყების განცხადებით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა
დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით
24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო
თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია,
გამოვლენა და აღკვეთა. ასევე, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს
ცხელ ხაზზე – 153-ზე მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის
გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა გაიზარდა, რაც კონტროლის მექანიზმების
გაძლიერების შედეგია.