აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა,
რომ უკრაინული დრონებით მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის
ცნობით, დარტყმის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
ქალაქში დროებით დახურეს სკოლები.
16 აპრილს გამთენიისას კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ
კონდრატიევმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტუაფსეში
სახლებზე დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ორი არასრულწლოვანი - 5 და
14 წლის. კიდევ ორი
ადამიანი დაშავებულია.
გუბერნატორის თანახმად, დაზიანებულია ხუთი კერძო და ერთი
მრავალბინიანი სახლი და დრონების „მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები“
ჩამოცვივდა საზღვაო პორტის რაიონში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზე.
კონდრატიევს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა
ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე
წერს, რომ დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელსაც
საზღვაო ტერმინალიც აქვს.
ტუაფსეში მდებარე ამ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ
მართული კომპანია „რისნეფტის“ შემადგენლობაშია, დრონებით არაერთი
შეტევა იყო 2024-2025 წლებშიც.
16 აპრილს ტუაფსეში არ იმუშავებენ სკოლები და სხვა საგანმანათლებლო
დაწესებულებები. ინფორმაცია დილით გამოქვეყნდა მუნიციპალური ოლქის
ხელმძღვანელ სერგეი ბოიკოს ტელეგრამ-არხზე. ბოიკოს თანახმად,
გადაწყვეტილება მიღებულია „სიტუაციასთან დაკავშირებით“.
გასულ ღამით რუსული დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა იყო
უკრაინაზე. კიევსა და დნიპროში დაღუპულთა შორის ბავშვიცაა.