საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის
ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა დაუდგენელ
პირს და საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციაში
დახმარებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ რუსთავში რამდენიმე ადგილას ათ
ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთანავე მან
თბილისში სპეციალურ
სამალავში 35 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება შეინახა.
სამართალდამცველებმა თბილისისა და რუსთავის ტერიტორიებიდან ჯამში
18,4244 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და
260-ე კვარტა მუხლებით წარედგინა რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის
შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.