გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026
წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6
შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 246 000 ლარს
შეადგენს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა, ხოლო სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 13 ერთეული
სპეციალური ტექნიკა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვიშა-ხრეშის
უკანონო მოპოვება
მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს — იწვევს მდინარეთა კალაპოტების
დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის
ეროზიას და ზრდის დატბორვისა და წარეცხვის რისკებს, რაც საბოლოოდ
ეკოსისტემების დეგრადაციას განაპირობებს.
უწყების განმარტებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის
პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ და
სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე
დაუყოვნებლივ რეაგირებენ.