"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე
თურქეთში, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა
პანელზე სიტყვით გამოვა. გაიმართება ორმხრივი შეხვედრა თურქეთის
პრეზიდენტ ერდოღანთანაც - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ავრცელებს.
"საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,
მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრს
საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა პანელზე. ასევე იქნება
პანელური დისკუსიები, დელეგაცია დაესწრება გახსნით სესიას. იქნება
ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან გაიმართება
ორმხრივი შეხვედრა.
ფორუმის მიზანი არის, რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ
გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დღეს არა მხოლოდ
რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში გვაქვს სახეზე", -
განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
რა არის ანტალიის დიპლომატიური ფორუმი და ვინ ესწრება მას?
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის“ (ADF2026) მე-5 გამოშვება 17-19
აპრილს თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება.
წლევანდელი ფორუმის თემაა: "ხვალინდელი დღის დაგეგმვა,
გაურკვევლობების მართვა" და ის ფოკუსირებული იქნება "გეოპოლიტიკური
დაძაბულობებით, ძალთა ბალანსის ცვლილებით, მზარდი სავაჭრო ბარიერებითა
და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე გაზრდილი წნეხით ფორმირებულ გლობალურ
გარემოზე".
ADF2026-ზე 155 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბება, მათ შორის 20-ზე
მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 61 მინისტრი (მათგან 52
საგარეო საქმეთა მინისტრი) და 15 პარლამენტის წევრი. საერთო ჯამში,
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები, დიპლომატები, პოლიტიკის
განმსაზღვრელები, აკადემიური წრეების, ბიზნესის, მედიისა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძის გარდა, რეგიონიდან ფორუმს აზერბაიჯანის პრეზიდენტი
ილჰამ ალიევი დაესწრება. სომხეთიდან ADF-ზე საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილე ვაჰან კოსტანტინი იქნება.
ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს ესწრება რუსეთის ფედერაციის საგარეო
საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
უკრაინა საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას სახით იქნება
წარმოდგენილი.
ტრადიციულად, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. ის ისაუბრებს საკვანძო საერთაშორისო
გამოწვევებსა და მთავარ რეგიონულ თუ გლობალურ საკითხებზე თურქეთის
პოზიციაზე.
ბალკანეთის ქვეყნებიდან მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილოეთ მაკედონიის
პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა და საგარეო საქმეთა მინისტრი
ტიმჩო მუცუნსკი. რუმინეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ტოიუ
წარმოადგენს. სერბეთიდან ფორუმს დაესწრებიან პრემიერ-მინისტრი და
საგარეო საქმეთა მინისტრი.
საბერძნეთიდან ფორუმზე 7 მონაწილე იქნება, თუმცა არცერთი მათგანი
მთავრობის წევრი არ არის.
ახლო აღმოსავლეთიდან სირიის სახელით ფორუმს დაესწრებიან პრეზიდენტი
აჰმედ ალ-შარაა და საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შიბანი.
ირანიდან მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
საიდ ხატიბზადე.
ფორუმზე დამსწრე ლიდერებს შორის ასევე იქნებიან კატარის ემირი შეიხი
ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი
და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი.