ბაქოში, „Caspian Agro 2026“-ზე საქართველოს პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბაქო-ში, სადაც საერთაშორისო აგროგამოფენა CASPIAN AGRO 2026-ისა და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაჯნუნ მამედოვი გახსნა.

გახსნის შემდეგ, დავით სონღულაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ საქართველოს პავილიონში,

აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევი უმასპინძლა.

მინისტრის განცხადებით, „Caspian Agro“ ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსასურსათო გამოფენაა და მასში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის, ექსპორტის გაფართოებისა და რეგიონში ქართული პროდუქციის წარმოჩენისთვის. მისი თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი ქართულ სტენდზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. სონღულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წლებში მონაწილე კომპანიებმა უკვე შეძლეს კონტრაქტების გაფორმება, რაც ექსპორტის ზრდასა და ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს.

მისივე შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო აგროგამოფენები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდისთვის.

საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია კომპანიების: „ბიოპლანტი“, „ჰობი“, „ვასაძის პური“, „ფარკონი“, „ჯეონატურალსი“, „აჩინებული“, „ჩელთი“ და მეღვინეობა „ვინიტორი მუკუზნის“ მიერ წარმოებული პროდუქცია — ღვინო, ნატურალური წვენები, საკონდიტრო და საკონსერვო ნაწარმი, თაფლი, სანელებლები და ორგანული სასუქი.

გამოფენა 5 მაისს გაიხსნა და 7 მაისს დასრულდება. წელს მასში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

დავით სონღულაშვილთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული მაია თაბაგარი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები