საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით
სონღულაშვილი ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში ბაქო-ში შეხვდა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს
მაჯნუნ მამედოვი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის შორის სოფლის
მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული
მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და არსებული
სამუშაო ფორმატები ქმნის მყარ საფუძველს პარტნიორობის გასაღრმავებლად.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციურ ჩარჩოზე
— 2022 წელს
გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმსა და 2025 წელს შექმნილ
ერთობლივ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც სექტორული კოორდინაციისა და
პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.
დავით სონღულაშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო აგროსასურსათო
სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ღირებულებათა ჯაჭვების
განვითარება და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო ვაჭრობა
სტაბილურად იზრდება და არსებობს მისი შემდგომი გაფართოების
მნიშვნელოვანი პოტენციალი.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში
ექსპორტირებულია 207.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო
პროდუქცია, რაც 19%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. ამავე
პერიოდში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტი 98.9 მლნ აშშ დოლარს
შეადგენს და 36%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანის წილი საქართველოს
აგროსასურსათო ექსპორტში 11%-ს, ხოლო იმპორტში 4%-ს აღწევს.
აზერბაიჯანის მინისტრმა მაჯნუნ მამედოვმა აღნიშნა, რომ
საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები მეგობრულ და ორმხრივად
სასარგებლო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მისი თქმით, არსებობს
თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი სოფლის მეურნეობის,
მეცნიერების, კვლევების, ასევე სასაზღვრო დაავადებებთან ერთობლივი
ბრძოლის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეღვინეობის
სფეროს, სადაც ქართული ღვინო აზერბაიჯანში მნიშვნელოვან პოზიციას
იკავებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე,
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჩიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ
გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი
და აზერბაიჯანში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული მაია
თაბაგარი.