საქართველო და უზბეკეთი სოფლის მეურნეობის თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს იბროჰიმ აბდურახმანოვი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში.

ხაზი გაესვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უზბეკეთის სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინოვაციების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას,

რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოს მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, ხოლო უზბეკეთში ამ სექტორის განვითარება ახალ შესაძლებლობებს აჩენს. მისი თქმით, თანამშრომლობა ყურძნის ჯიშების გაუმჯობესებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ორმხრივ სარგებელს მოიტანს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აგროსასურსათო ვაჭრობის მზარდი დინამიკა და მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები. უზბეკეთის მხარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ვაჭრობის ზრდისა, არსებობს დამატებითი პოტენციალი როგორც პროდუქციის გაცვლის, ისე კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩაის კულტურის, ციტრუსის, თევზჭერისა და აკვაკულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები