შსს-მ 30 მილიონი ლარის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ

შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც კაუსტიკური სოდით იყო დატვირთული, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო", - წერია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები