შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტზე გემები 100-100 ათასი ლარით დაჯარიმდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.

შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, ფოთის სასამართლო-მ ორივე გემი სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 100-100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება მხოლოდ დაკისრებული ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ მიეცათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, შავი ზღვის დაცვა უწყებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც წყლის დაბინძურების, ისე უკანონო თევზჭერის პრევენციისა და გამოვლენის მიზნით.

უწყების მონაცემებით, 2026 წელს უკვე განხორციელდა 81 გემის ინსპექტირება, გამოვლენილია 15 სამართალდარღვევა, მათ შორის 6 შემთხვევაში — ზღვის დაბინძურების ფაქტი.

დეპარტამენტის შეფასებით, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების შემთხვევები, რაც კონტროლის გამკაცრებასა და გაზრდილ საჯარიმო სანქციებს უკავშირდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები