საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად,
2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან
ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის
ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი
მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის
პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება
პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებთან
დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს
დააკავეს.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში აღნიშნულ საქმეებზე
ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის
მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.
პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი ამჟამად დაცვის
პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის
შედეგადაც მან გონება დაკარგა. აღნიშნული კადრები საზოგადოებისთვის
ცნობილია.
მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციის
მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც ამჟამად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების
დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე კიდევ ერთმა
თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე
აქციის დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა
ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც პროფესიულ
საქმიანობას ასრულებდა.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება
154-ე მუხლის მე-2 ნაწილით — ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში
ძალადობით უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები სასჯელის სახედ 5-დან
8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება სასამართლოს
მიმართავს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.
პროკურატურა სხვა სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით გამოძიებას
აგრძელებს როგორც აღნიშნულ, ასევე სხვა შესაძლო ძალადობრივ ფაქტებში
მონაწილე პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.