ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს ევროპარლამენტის რეზოლუციის
ჩანაწერს ექსპრემიერის შესახებ.
როგორც ღარიბაშვილის ცოლის ძმა თავადაც “ოცნების” ყოფილი წევრი და
დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი წერს, ირაკლი არაფერში სჭირდება იმ
ევროპარლამენტარების ზრუნვა, რომელსაც ის საქართველოსადმი მტრულად
განწყობილად მოიხსენიებს.
“ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ
ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური, ყალბი და
მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად
რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია. მათი ეს
პრიმიტიული, მაგრამ ბინძური პროვოკაცია გათვლილია ქვეყნის შიდა
პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათთვის სასარგებლო ყალბი სპეკულაციების
გასაჩენად, ინტრიგის შემოსატანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
ირაკლისთვის საქართველოა უპირველეს ყოვლისა! შესაბამისად, არაფერში
სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი
ევროპარლამენტარების “ზრუნვა”,“შეშფოთება” და “წუხილი”,
– წერს თამაზაშვილი.
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ
მიღებულ ანგარიშში შევიდა შესწორება ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის
შესახებ.
„ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო
მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან
დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი
სასამართლოს სტანდარტებს. საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას
პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების
სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ
შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით“, —
ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიში, რომელსაც საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პლენარულ
სესიაზე კენჭისყრაზე ივნისში გავა.