მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2026 წლის განმავლობაში სატელევიზიო
მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც ბაზრის კვლევას ატარებს.
მერია დაინტერესებულ პრეტენდენტებს მოუწოდებს, წინადადებები
წარმოადგინონ დღგ-ს ჩათვლით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა მოიცავს საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო-ვიზუალური განცხადებების
მომზადებასა და ეთერში განთავსებას ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
თითოეული ვიდეომასალის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წამი უნდა იყოს.
მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია:
• მერის, მისი მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარის,
ააიპ-ების ხელმძღვანელებისა და სხვადასხვა სამსახურის
წარმომადგენლების ანგარიშების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების
პირდაპირი ტრანსლაცია;
• გასვლითი და ონლაინ აქტივობების, სპორტული, კულტურული და რელიგიური
ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენებისა და კონცერტების
გაშუქება;
• საკრებულოს სხდომებისა და თათბირების ტელეეთერში განთავსება ქართულ
და აზერბაიჯანულ ენებზე, არანაკლებ 10-წუთიანი ქრონომეტრაჟით;
• საიმიჯო ვიდეორგოლების მომზადება და ეთერში განთავსება
მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, კულტურული,
ტურისტული, სოციალური და სპორტული პროექტების პოპულარიზაციის
მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, წლის განმავლობაში მომზადდება მინიმუმ სამი
საიმიჯო ვიდეორგოლი, თითოეულის ხანგრძლივობა არანაკლებ ერთი წუთისა
იქნება და ეთერში ერთხელ მაინც განთავსდება.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელმა ასევე უნდა
უზრუნველყოს:
• მომზადებული მასალების ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და
სოციალურ ქსელებში გავრცელება;
• მუნიციპალიტეტის ღონისძიებების Live-ტრანსლაცია;
• გადაცემების ხელმისაწვდომობა პლატფორმა MyVideo.ge-ზე;
• ტელეკომპანიის ოფიციალური YouTube-არხის ოპერატიული განახლება;
• პირდაპირი ეთერის ტექნიკური უზრუნველყოფა და კვალიფიციური
პერსონალის მომსახურება;
• არასამუშაო დღეებში დაგეგმილი ღონისძიებების გადაღება და
გაშუქება;
• ეთერში გასული მასალების დაარქივება თვეების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტენდერებს მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერია თითქმის ყოველწლიურად აცხადებს. წინა წლებში ტენდერებში
უკონკურენტოდ გამარჯვებულად, როგორც წესი, ტელეკომპანია „მარნეული TV“
- ამჟამინდელი რეგიონნიუსი
ფიქსირდებოდა.
ტრადიციულად, აღნიშნული ტიპის ტენდერები იანვრის თვეში ცხადდებოდა,
თუმცა მიმდინარე წელს პროცესის მაისამდე გადავადების მიზეზი ამ ეტაპზე
უცნობია.
რადიო “მარნეული” შეეცდება, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერიიდან მოიპოვოს.