მსოფლიოს 10 უმსხვილესი პორტიდან, 7 ერთ ქვეყანაში მდებარეობს - რომელია ყველაზე დატვირთული საზღვაო ჰაბები
გლობალური ეკონომიკის მდგრადობა და სტაბილურობა დიდწილად სწორედ იმ გიგანტურ პორტებზეა დამოკიდებული, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით კონტეინერსა და მილიარდობით დოლარის ღირებულების ტვირთს ატარებენ.

Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება - მსოფლიო ვაჭრობის სიმძიმის ცენტრი ბინას საბოლოოდ, აზიაში იდებს.

ამავე პუბლიკაციის მიხედვით, რომელშიც წლიური ტვირთბრუნვებია (TEU) შეჯამებული, დღეისათვის მსოფლიოს 10 უმსხვილესი პორტიდან 9 სწორედ აზიის კონტინენტზე მდებარეობს. ლიდერობას კვლავ შანხაის პორტი ინარჩუნებს.

რომელია

მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული პორტი?

უფრო კონკრეტულად, Visual Capitalist-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების ათეული, ასე გამოიყურება:
  • შანხაი, ჩინეთი - 47.3 მლნ კონტეინერი;
  • სინგაპური - 37.3 მლნ კონტეინერი;
  • ნინგბო-ჟოუშანი, ჩინეთი - 33.4 მლნ კონტეინერი;
  • შენჟენი, ჩინეთი - 30.0 მლნ კონტეინერი;
  • ქინგდაო, ჩინეთი - 25.7 მლნ კონტეინერი;
  • გუანჯოუ, ჩინეთი - 24.9 მლნ კონტეინერი;
  • პუსანი, სამხრეთ კორეა - 22.1 მლნ კონტეინერი;
  • ტიანძინი, ჩინეთი - 21.0 მლნ კონტეინერი;
  • ჰონგ-კონგი, ჩინეთი - 16.6 მლნ კონტეინერი;
  • როტერდამი, ნიდერლანდები - 14.5 მლნ კონტეინერი.
როგორც რეიტინგიდან ჩანს, ჩინეთი ათეულში 7 ადგილს იკავებს, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მასშტაბებზე მეტყველებს.

პუბლიკაცია ასევე გვიჩვენებს, რომ ევროპიდან მხოლოდ როტერდამის პორტმა შეძლო პოზიციების შენარჩუნება, თუმცა მისი მაჩვენებლები თითქმის სამჯერ ჩამორჩება შანხაის მონაცემებს.

ექსპერტების განმარტებით, აზიური პორტების ასეთი დომინაცია პირდაპირ კავშირშია მათ მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასთან და მაქსიმალურ ავტომატიზაციასთან.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება. მსოფლიოს უმსხვილესი საზღვაო ჰაბები ახლა აქცენტს „მწვანე ლოგისტიკასა“ და ხელოვნური ინტელექტის მართულ სისტემებზე აკეთებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გაზარდონ გამტარუნარიანობა და შეამცირონ ტვირთების დამუშავების დრო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები