კახეთში საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დელეგაციებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
13:57 / 12.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთის რეგიონში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს
დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას აზერბაიჯანის სამძებრო
დეპარტამენტის უფროსი მუზაფფარ მამედოვი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ
აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე
განიხილეს მოსაზღვრე რეგიონების საპოლიციო დანაყოფებს შორის არსებული
თანამშრომლობა და პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სხვადასხვა
სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეზობელ რეგიონებს შორის სამართალდაცვით
სფეროში მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობას და გამოხატეს მზაობა,
აქტიურად გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა არსებული თანამშრომლობის
გაფართოების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და
აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა
მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.