ქალაქ მარნეულში, ჟორდანიას ქუჩაზე ტროტუარისა და სანიაღვრე არხის
მოწყობა იგეგმება.
პროექტის საერთო ღირებულება 1 715 870 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დაფინანსება ეტაპობრივად განხორციელდება ადგილობრივი
ბიუჯეტიდან. კერძოდ, 2026 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 750 000 ლარი,
რაც მთლიანი ღირებულების 44%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტიდან
დაფინანსდება 965 870 ლარი - საერთო თანხის 56%.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქალაქ მარნეულის ერთ-ერთ
ცენტრალურ ქუჩას
მოიცავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუჩის მარცხენა მხარეს
მთელ სიგრძეზე სარკინიგზო ლიანდაგია განთავსებული, ხოლო მარჯვენა
მხარეს - საცხოვრებელი სახლები და მრავალრიცხოვანი კომერციული
ობიექტები.
“არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან განახლებას საჭიროებს.
მონაკვეთზე ამჟამად ტროტუარი არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა
მოუწესრიგებელია, დაზიანებულია გარე განათების ქსელი, ხოლო სარკინიგზო
ლიანდაგსა და საავტომობილო გზას შორის საჭიროა ლითონის თვალამრიდი
ზღუდარის მოწყობა.” - წერია აღწერაში
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მოსამზადებელი და
სამშენებლო სამუშაოები. მათ შორისაა:
• კერძო საკუთრებების მიმდებარედ არსებული ბეტონის ფილებისა
და ასფალტ-ბეტონის საფარის დემონტაჟი;
• დაზიანებული ბორდიურებისა და რკინა-ბეტონის ღარების დაშლა;
• არსებული მილების - რკინა-ბეტონის, აზბესტისა და გოფრირებული
მილების დემონტაჟი;
• ხეების ქვედა ტოტების გასხვლა და ფორმირება;
• სამშენებლო ნარჩენების გატანა სპეციალურ ნაყარში.
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 28 მაისიდან 2 ივნისამდე
პერიოდში შეეძლებათ.