საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი თბილისშია - როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი თბილისშია, ყველაზე დაბალი კი სამცხე-ჯავახეთში - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქში უმუშევრობის მაჩვენებელი 17.5%-ს შეადგენს, სამცხეში კი 7%-ს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი წინა წელს (2024 წელი) 14.9%-ს შეადგენდა, სამცხე-ჯავახეთში კი 7.7%-ს.

რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024

წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.

2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.


საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენდა.წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39.0 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი - 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები