რას ვყიდით და ვყიდულობთ სერბეთში, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართება.

მთავრობის 7 მაისის ბრძანებით განისაზღვრა უწყებები, რომლებიც შეთანხმების ტექსტის მომზადებისა და პირობების შეთანხმების მიზნით მოლაპარაკებებს წარმართავენ.

უფრო კონკრეტულად, პროცესში ჩართული იქნებიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში გახდა.

როგორია სერბეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა,

როგორია საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 26%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ბრუნვა 6.036 მლნ დოლარს აჭარბებდა, ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იანვარ-მარტში მაჩვენებლებმა 4.785 მლნ დოლარს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდში ბრუნვაში უდიდესი წილი, 73.3% იმპორტზე მოდიოდა - მხოლოდ 2026 წლის იანვარ-მარტში სერბეთიდან 4.428 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ წლიურად 2.9%-ით შემცირდა იმპორტი. კერძოდ, 2025 წლის პირველ სამ თვეში სერბეთიდან 4.561 მლნ დოლარის პროდუქცია ვიყიდეთ.

5 ძირითადი პროდუქცია, რასაც 2026 წლის იანვარ-მარტში სერბეთიდან ვყიდულობთ:
  • სიგარები - 1.532 მლნ დოლარის;
  • სასუქები - 594 ათასი დოლარის;
  • მცენარეები და კალმები - 451 ათასი დოლარის;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 297 ათასი დოლარის;
  • ქაღალდი - 277 ათასი დოლარის.
„საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ ბრუნვაში სერბეთში ქართული წარმოების პროდუქციის წილი მინიმალურია (1.2%). უფრო კონკრეტულად, 2026 წლის საანგარიშო პერიოდში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 69.6 ათასი დოლარის პროდუქცია, შარშან იმავე პერიოდში კი 17.9 ათასი დოლარის ღირებულების. მონაცემები 288%-იან ზრდას აჩვენებს.

5 მთავარი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რომელიც სერბეთში გადის:
  • ფანერა - 31.5 ათასი დოლარის;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 19.7 ათასი დოლარის;
  • დასამუშავებელი მანქანა-დანადგარები - 7.7 ათასი დოლარის;
  • პირადი ნივთები - 7.6 ათასი დოლარის;
  • პლასტმასის ნაწარმი - 2.7 ათასი დოლარის.
რაც შეეხება რეექსპორტს, წლიურად 650%-იანი მატება ფიქსირდება. უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რეექსპორტზე გავიდა 1.537 მლნ დოლარის პროდუქცია, გასული წლის იანვარ-მარტში კი 205 ათასი დოლარის. ამავე პერიოდში რეექსპორტის წილი ბრუნვაში 25.4%-ს შეადგენდა.

პროდუქცია, რომელიც 2026 წლის იანვარ-მარტში სერბეთში გავიდა რეექსპორტზე:
  • ექსტრაქტები სათრიმლავი მცენარეული წარმოშობისა; ტანინები და მათი მარილები და სხვა - 1.468 მლნ დოლარის;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 69 ათასი დოლარის.
წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები