2026 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადები
გაიზარდა. ხაზინის მონაცემებით,
საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადებმა 2 118 327 ლარი
შეადგინა, რაც საპროგნოზო (2 030 000 ლარს) მოცულობას 104.4%-ით
აღემატებოდა.
თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტში აკუმულირებულ
საშემოსავლო გადასახადებს, ფიქსირდება 13%-იანი ზრდა. კერძოდ, 2025
წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადებიდან 1 873 477
ლარი შევიდა.
რა არის საშემოსავლო გადასახადი
საშემოსავლო
გადასახადი არის გადასახადი, რომელსაც ფიზიკური პირები სხვადასხვა
სახის შემოსავლიდან სახელმწიფოს უხდიან.
ამ ტიპის გადასახადის გადამხდელი შესაძლოა, იყოს როგორც რეზიდენტი,
ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს საქართველოში
არსებული წყაროდან იღებს.
პრაქტიკაში, განსაკუთრებით ხელფასის შემთხვევაში, გადასახადის
გადახდის ადმინისტრირება უმეტესწილად დამსაქმებლის მიერ ხორციელდება,
რაც ხელფასის მიმღებისთვის პროცესს ამარტივებს.
როგორია საშემოსავლო გადასახადის
განაკვეთი
საქართველოში საშემოსავლო გადასახადის
მაქსიმალური განაკვეთი 20%-ს შეადგენს და იგი სხვადასხვა ტიპის
შემოსავლებზე განსხვავებული წესით გამოიყენება.
ასე მაგალითად, მაქსიმალური განაკვეთია (20%) განსაზღვრული სახელფასო
შემოსავლების დასაბეგრად; საცხოვრებელი სახლის გაქირავებიდან მიღებული
შემოსავლები იბეგრება 5%-ით; 5-დან 20%-მდე დაბეგვრას ექვემდებარება
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები
და სხვა.
არსებობს გამონაკლისებიც, რა დროსაც არ ხდება შემოსავლების დაბეგვრა.
ამ ტიპის შემოსავლებს მიეკუთვნება მაგალითად სახელმწიფო პენსია და
სტიპენდია.
როგორია ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღების დროს
დაბეგვრის მექანიზმი?
კანონმდებლობის თანახმად,
საგადასახადო წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან
თავისუფლდება პირველი (მეუღლე, შვილი, მშობელი) და მეორე (და, ძმა,
დისწული, ძმისწული) რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან
მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.
ამასთანავე, საგადასახადო წლის განმავლობაში გადასახადისგან
თავისუფალია ათას ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა
დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების
ღირებულებისა;
ამავე პერიოდში მესამე (ბებია, პაპა) და მეოთხე (ბიძა, დეიდა, მამიდა)
რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან
მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება თავისუფალია
საშემოსავლო
გადასახადის გადახდისგან.
აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევაში, ქონების ჩუქებით ან
მემკვიდრეობით მიღებისას ფიზიკურ პირს ეკისრება საშემოსავლო
გადასახადის გადახდის ვალდებულება ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული
ქონების საბაზრო ფასიდან.
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირები
შეღავათებით სარგებლობენ
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2028 წლის 1 იანვრამდე სოფლის
მეურნეობის სექტორში დასაქმებული ფიზიკური პირები საშემოსავლო
გადასახადისგან გათავისუფლებულნი არიან გარკვეულ პირობებში. შეღავათი
ეხება:
- ადგილობრივად წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის
პირველად მიწოდებას, თუ წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000
ლარს;
- ამავე საქმიანობიდან მიღებულ ხელფასებს, თუ დამსაქმებლის
შემოსავლები არ აღემატება 200 ათასს ლარს.