ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დარბაზის ხეობაში, წიაღისეულის
გამოვლენისა და მოპოვების მიზნით მიმდინარე გათხრები,
სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობდა, შეჩერებულია.
საგამოძიებო სამუშაოებს "RMG (Rich Metals Group)"-ის შვილობილი
კომპანია "CMG" აწარმოებს. გათხრების შეჩერება ადგილობრივი
მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო შეხვედრის შემდეგ გახდა
შესაძლებელი.
10 მაისს, 6 სოფლის მოსახლეობა გაერთიანდა და შეხვედრა გამართა.
ადგილობრივებმა სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური განცხადებითაც
მიმართეს და სამუშაოების სრულად შეწყვეტა მოითხოვეს.
სოფელ დარბაზის მცხოვრები, ნაშირ ორდუხანოვი აცხადებს, რომ შეხვედრის
გამართვის დღეს, ღამის საათებში, კომპანიამ ტექნიკის მუშაობა
შეაჩერა.
„სამუშაოები შეჩერდა, თუმცა ტექნიკა კვლავ ტერიტორიაზე
რჩებოდა. 11 მაისს დაიწყეს ტექნიკისა და გარკვეული აღჭურვილობის დაშლა
და შეფუთვა. გუშინ, 12 მაისს კი ყველაფერი წაიღეს და ტერიტორია
დატოვეს. პროცესმა აჩვენა, რომ გამართული შეხვედრის გამო ისინი
იძულებულნი გახდნენ იქიდან წასულიყვნენ. მათ ჩვენს კითხვებს ვერ
უპასუხეს და ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს. ჩუმად მოვიდნენ
და ჩუმადვე წავიდნენ. ჩვენ შეხვედრაზე ყველა სახელმწიფო უწყებას
ოფიციალურად მივმართეთ. ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ამ
უწყებებს პასუხისთვის გარკვეული დრო აქვთ. ჩვენ კვლავ ველოდებით
ოფიციალურ პასუხს იმაზე, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობდა ეს
სამუშაოები - არსებობდა თუ არა ნებართვა და ლიცენზია, თუ გათხრები
სრულიად თვითნებურად წარმოებდა. პასუხის მიღებისთანავე დარვაზის
ხეობის მოსახლეობასა და საზოგადოებას ინფორმაციას
მივაწვდით“.
ნაშირის თქმით, ბოლნისის ტერიტორიაზე გათხრები ჯერ კიდევ 1975 წელს
დაიწყო და მას შემდეგ
სოფელი საფრთხის წინაშია. ამბობს, რომ ეს
ტერიტორიას მოსახლეობა საძოვრად იყენებს და ზაფხულზე მთაში ადიან.
„ეს საფრთხე მუდმივად არსებობს. სანამ ბოლნისში ეს
კომპანია საქმიანობს, ჩვენ ყოველთვის რისკის ქვეშ ვიქნებით. ოქროს
საბადოს არსებობა-არარსებობა არ გვაინტერესებს; ჩვენთვის
მნიშვნელოვანია ბუნება, სოფელი, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ტერიტორია, სადაც გათხრები მიმდინარეობდა, ჩვენი საზაფხულო
საძოვრებია. ყოველ გაზაფხულზე იქ 20-30 ოჯახი ბინავდება და
მეცხოველეობას ეწევა. წელსაც აიყვანა ხალხმა საქონელი, თუმცა მძიმე
ტექნიკის ხმაურზე პირუტყვი ფრთხება, ძროხები უკან აღარ ბრუნდებიან“,
- ამბობს ნაშირ ორდუხანოვი.
მოსახლეობის განცხადებით, მძიმე ტექნიკა საცხოვრებელ სახლებთან ძალიან
ახლოს მუშაობს, რაც ადგილობრივების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე
საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.