სავალდებულო ხდება ალკოჰოლური სასმლის ბოთლზე QR კოდის დატანა - ცვლილება პარლამენტმა 1-ლი მოსმენით მიიღო
სავალდებულო ხდება ალკოჰოლური სასმლის ბოთლზე QR კოდის დატანა, - აღნიშნულს გულისხმობს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 1-ლი მოსმენით მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ განმარტება და ღვინის საწარმოს წლიური წარმადობა 40 000-დან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

ამასთან, კანონს ემატება ახალი ტერმინი - „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“.ზურაბ ეზუგბაიას თქმით,

ტერმინი „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება“ განისაზღვრება როგორც ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის - QR კოდის დატანა.

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელის, საექსპორტოდ და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება სავალდებულო ხდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა არ გავრცელდება იმ ბუნებრივ ღვინოზე, რომელიც მცირე ზომის მარანში იქნება წარმოებული. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდება სავალდებულო იქნება.

ნიშანდებას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

როგორც ზურაბ ეზუგბაიამ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გამოსცეს ბრძანება - „ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ და შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უზრუნველყოს.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიშანდების საფასურის განსაზღვრა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები