თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის შეზღუდვა მოხსნა
თურქეთი სომხეთთან პირდაპირ ვაჭრობას აღადგენს. 13 მაისს თურქეთმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, არსებულ ბარიერებს მოხსნის.

კერძოდ, ახალი შეთანხმების მიხედვით, უკვე შესაძლებელი ხდება, რომ მესამე ქვეყნის გავლით გადაზიდულ ტვირთებზე პირდაპირ ჩაიწეროს მათი რეალური წარმოშობის ან დანიშნულების ქვეყანა - თურქეთი ან სომხეთი, რაც იქამდე შეზღუდული იყო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ტექნიკურ-სავაჭრო პროცედურებს

უფრო მოქნილს გახდის.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს სომხეთიც.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალიზებული ურთიერთობების დამყარებისკენ, რაც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ინფორმაციისთვის, თურქეთსა და სომხეთს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. ქვეყნებს შორის საზღვარი 1990-იანი წლებიდან ჩაკეტილია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში დაძაბული იყო ისტორიული უთანხმოებებისა და თურქეთის მჭიდრო კავშირის გამო აზერბაიჯანთან.

თუმცა, 2021 წლის ბოლოს ანკარა და ერევანი შეთანხმდნენ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და დანიშნეს სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც საზღვრის გახსნისა და შერიგების გზებს განიხილავენ. ამ პროცესის შედეგად უკვე აღდგა პირდაპირი ავიარეისები და ნაწილობრივ გამარტივდა სავიზო რეჟიმიც.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები