საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტები გაიზარდა - რა მიზნით მოგზაურობენ ქართველები
2026 წლის პირველ კვარტალში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები 4.3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ 640.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 496.3 ათასი შეადგინა, რაც 2.9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის

ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ვიზიტორი კი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამავე პერიოდში, რეზიდენტებმა საქართველოს საზღვრებს გარეთ საექსკურსიო ტიპის 167.5 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წლიურად 5.3%-იანი ზრდაა.

რა მიზნით მოგზაურობდნენ ქართველები საზღვარგარეთ
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებიდან უდიდესი ნაწილი (175 ათასი ვიზიტი, 35.3%) მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნობრიობაზე მოდიოდა, მას კი მოსდევდა საყიდლებზე განხორციელებული ვიზიტები (158.9 ათასი ვიზიტი, 32%).

ამავე პერიოდში დასვენებისა და გართობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 100.5 ათასს გაუტოლდა, ვიზიტებში წილმა კი 20.3% შეადგინა.

36 ათასი ვიზიტი (7.2%) განხორციელდა პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის მიზნით, მკურნალობასა და გაჯანსაღებაზე 12.2 ათასი ვიზიტი (2.5%) მოდიოდა, სხვა ტიპის ვიზიტებს კი 2.8%-იანი წილი ეკავა (13.7 ათასი ვიზიტი).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები