ცხინვალი აცხადებს, რომ სულ უფრო ნაკლები საქართველოს მოქალაქე
არღვევს “სამხრეთ ოსეთის საზღვრის” კვეთის წესს.
ამის შესახებ ოსურმა მხარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე
განაცხადა.
სააგენტო რეს-ის ცნობით, შეხვედრის შედეგების შესახებ ცხინვალის
წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ისაუბრა.
„შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ უსაფრთხოების აქტუალური
პრობლემები და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის საზღვრის მთელ მონაკვეთზე ჩნდება”
მისი თქმით, გასული პერიოდი დარღვევების შედარებით დაბალი დონით
ხასიათდებოდა.
„დაფიქსირდა სულ სამი ინციდენტი: ერთი დარღვევა
საქართველოს მოქალაქის მხრიდან, ერთი ქართველი პოლიციელის მხრიდან და
კიდევ ერთი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრულის
მხრიდან“.
კოჩიევის თქმით, არც
“საქართველოს პოლიციამ და არც
ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა საზღვრის დარღვევაში საკუთარი
პასუხისმგებლობის აღიარება არ ისურვეს”.
ამასთან, მან კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ
მონაკვეთებზე, სადაც ადრე ინციდენტები ფიქსირდებოდა, დარღვევები
შეწყდა.