გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე,
მდინარე იორთან ახლოს მდებარე ფერმაში, ცოფის შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის ფერმაში განთავსებულია 1000 სული წვრილფეხა და 17 სული
მსხვილფეხა საქონელი, ასევე 2 ცხენი და 6 ძაღლი.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა,
რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი
მსხვილფეხა საქონელი დაკბინა. ცხოველი რამდენიმე დღეში
მოკვდა, რის
შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო
ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად (გამოცდის
ოქმი N3668), ძაღლს ცოფის დიაგნოზი დაუდასტურდა.
მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები ცოფის საწინააღმდეგოდ
ვაქცინირებულები არ იყვნენ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,
ინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ
ჩაუტარდებათ იმუნიზაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით 6-თვიანი
ზედამხედველობა დაწესდება.
დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე უკვე
გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის
სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიწყო, რაც დაავადების ამთვისებელი
ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, დეზინფექციას, გადაადგილების
შეზღუდვასა და მათ ჯანმრთელობაზე მკაცრ ზედამხედველობას
გულისხმობს.