საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა
ცენტრმა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა,
პანკისის ხეობის სოფლებში — ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში
ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე
დააკავა. მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში
გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები ტერორისტულ ორგანიზაცია
„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იყვნენ გაერთიანებული და მითითებებს
უცხოეთიდან იღებდნენ. უწყების ინფორმაციით, ისინი პანკისის ხეობაში
ტერორისტული
ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებას,
ახალი წევრების გადაბირებას, კონსპირაციული შეხვედრების მოწყობასა და
ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას ცდილობდნენ.
საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული
საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები. ჩხრეკის შედეგად
სამართალდამცველებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი
ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული
ტექნიკა, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, ორგანიზაციის სიმბოლიკის
ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე (უცხო
ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ
საქმიანობაში მისი დახმარება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის,
საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული
სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სუს-ის განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში
ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით გრძელდება.