მარნეულის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში პირველკლასელთა ადგილების უმეტესობა კვლავ თავისუფალია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ორი ეტაპის დასრულების შემდეგ, სკოლების უმეტესობაში ადგილების დიდი ნაწილი კვლავ თავისუფალია.

ამ დროისთვის რეგისტრაციის მესამე ეტაპი (ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, რომელშიც მარნეული არ მონაწილეობს) მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს პერიოდში მეოთხე, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპი დაიწყება.

არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე ნაკლები აქტივობა ქართულენოვან სექტორებში ფიქსირდება.

სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე გამოცხადებული 25 ადგილიდან

ამ დრომდე არცერთი მოსწავლე არ არის რეგისტრირებული. სომხურ სექტორზე კი 25 ადგილიდან 10 შევსებულია და თავისუფალი 15 ადგილი რჩება.

ხოჯორნის საჯარო სკოლაში ქართულ და სომხურ სექტორებზე გამოყოფილი 10-10 ადგილი სრულად თავისუფალია. აზერბაიჯანულ სექტორზე არსებული 15 ადგილიდან რეგისტრირებულია 5 მოსწავლე, ხოლო 10 ადგილი კვლავ ვაკანტურია.

წერაქვის საჯარო სკოლაში 25 ადგილიდან მხოლოდ ერთი პირველკლასელია რეგისტრირებული, რის შედეგადაც 24 ადგილი თავისუფალია.
ოფრეთის საჯარო სკოლაში როგორც ქართულ, ისე რუსულ სექტორებზე გამოცხადებული 20-20 ადგილი ჯერ კიდევ შეუვსებელია.

ჩანახჩის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე არსებული 20 ადგილი სრულად თავისუფალია, ხოლო სომხურ სექტორზე 30 ადგილიდან 5 შევსებულია და 25 ადგილი კვლავ ხელმისაწვდომია.

მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულ პირველკლასელთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ეტაპზე ახკერპისა და ჩანახჩის სომხურენოვან სექტორებში ფიქსირდება, თუმცა მთლიანობაში მაღალმთიან სოფლებში მდებარე სკოლებში ადგილების უმრავლესობა კვლავ თავისუფალია.
რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 15 ივნისს დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება .

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

წელს მარნეულში დაახლოებით 2000-მდე პირველკლასელთა მიღების მოლოდინი აქვთ როგორც კერძო სკოლებში, ასევე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები