საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამტარ პუნქტ
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ
ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასა და
უწყების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
შსს-ს განცხადებით, ამ დროისთვის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 17 პირი
რჩება. უწყების ინფორმაციით, მათ შორის ქალები და ბავშვები არ არიან.
აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან, თუმცა
არ ფლობენ საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელ ვალიდურ დოკუმენტებს
და
ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების
მოთხოვნებს.
სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან
გამომდინარე, ამ პირებს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ,
რადგან მათ კრიმინალური წარსული აქვთ და გასამართლებულები არიან მძიმე
ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
შსს აღნიშნავს, რომ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა
ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი
გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ
მხარეს შორის გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე
ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი 17 პირის
უსაფრთხო, ორგანიზებული და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხზე ქართული
მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აგრძელებს უკრაინას შესაბამის
უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის თავისი
კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება და
ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო საზღვართან
მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
ამასთან, უწყება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში შესაბამისი ქვეყნის
საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
კოორდინაციით, ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები პირველადი საჭიროებებით
უზრუნველყოფილი არიან.