შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,
ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში
ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“
კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა, მათ
შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით
კიკნაძის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები,
მათ
შორის ქვემო ქართლში მოქმედი პირები, ფინანსური დავების გადასაწყვეტად
ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, რომლებშიც მონაწილეობას
საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი
იღებდა.
გამოძიების ინფორმაციით, ელმურაზ მამედოვი საქართველოში მყოფ მასთან
დაკავშირებულ პირებს უკავშირდებოდა, რომლებიც ე.წ. ქურდული წესების
საფუძველზე მოქალაქეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს დიდი ოდენობით
თანხის გადახდას ავალდებულებდნენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის
შემთხვევაში კი მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით
ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩხრეკების
შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული
ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და უცხოეთში
მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას
ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“
შეგროვებული 62 ათას დოლარზე მეტი, ავტომობილები, საბრძოლო მასალა და
ცეცხლსასროლი იარაღები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე
პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად გაგრძელდება, მათ შორის ქვემო ქართლში,
სადაც შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები
კვლავ განხორციელდება.