მარნეულში სტუდენტების მგზავრობის დაფინანსება 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა
მარნეულში მცხოვრები სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასურის დაფინანსება 50 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება.

შესაბამისი ცვლილების შესახებ 30 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა, იოანე ლაშხმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 2.50 ლარიდან 4 ლარამდე გაზრდამ განაპირობა.

“გაზრდილი დაფინანსებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროების მქონე,

იძულებით გადაადგილებული (დევნილის) სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახების წევრი, ვეტერანის შვილი და უდედმამო სტუდენტები.”
- თქვა იოანე ლაშხმა.

სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე აღნიშნული პროგრამით უკვე 241 სტუდენტმა ისარგებლა.

დაფინანსების მიღების მიზნით სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

• განცხადება მერის სახელზე;
• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
• ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;
• სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემებით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
• მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 1 წლის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
• საბანკო რეკვიზიტები.“.

გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები