დიპლომის ასაღებად ხარკოვში ჩასული აზერბაიჯანელი სტუდენტი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა
აზერბაიჯანელი სტუდენტი ფატიმა ჰუსეინოვა, რომელიც რუსეთის მიერ 29 ივნისს უკრაინაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ხარკოვში დიპლომის ასაღებად და გამოსაშვებ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული.

ხარკოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფატიმა ჰუსეინოვა აზერბაიჯანიდან ხარკოვში 30 ივნისს დაგეგმილ დიპლომების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ფატიმა ჰუსეინოვა ექვსი წლის წინ აზერბაიჯანიდან ხარკოვში ჩავიდა

და სამედიცინო განათლების მიღება დაიწყო. რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ის სხვა უცხოელი სტუდენტების მსგავსად სამშობლოში დაბრუნდა და სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძო. მიმდინარე წლის ივნისში კი დიპლომის საბუთების მისაღებად კვლავ ხარკოვში გაემგზავრა.

„ფატიმა მომავალი ექიმი იყო, რომელმაც ადამიანების სამსახურის გზა აირჩია. ის ოცნებობდა, თავისი ცხოვრება მედიცინისთვის მიეძღვნა და ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თავდასხმის დროს ფატიმა თანაკურსელ ადასთან ერთად გამოსაშვები მანტიებით ფოტოსესიაზე მიდიოდა, როდესაც საჰაერო იერიშის ქვეშ მოექცა.

„ფატიმა და ადა სპეციალურად იყვნენ ჩამოსულები მეორე დღეს დაგეგმილ დიპლომების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. სხვა სტუდენტები უკვე შეკრებილები იყვნენ ფოტოსესიაზე და მათ ელოდებოდნენ“, – განუცხადეს გოგონების ნაცნობებმა გამოცემა KHARKIV Today-ს.

თავდასხმის შედეგად ფატიმა ჰუსეინოვას თანაკურსელი ადაც მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი სხეულის დაახლოებით 90 პროცენტი დამწვარია და ამჟამად ხარკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს.

რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ გავრცელებული მონაცემების თანახმად, დაიღუპა სულ მცირე 135 აზერბაიჯანული წარმოშობის პირი, ხოლო 70 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

წყარო: Meydan TV
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები