„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, ახალ
სასკოლო სახელმძღვანელოების ყდებზე „ეროვნული სიმბოლოები“ იქნება
გამოსახული.
„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს
ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი,
რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ
პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის
უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება.
იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია,
რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს
იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს
სამშობლოს“, – ამბობს მიქანაძე.
მისი თქმით, „პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები
მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად,
ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა
და მე -10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.