ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით, თბილისის
მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს ნიშნავს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სპეციალური მარშრუტები 2 ივლისიდან 30 ივლისამდე პერიოდში
იფუნქციონირებს და გამოცდების მონაწილეებს 06:00-დან 20:00 საათამდე
მოემსახურება.
ავტობუსები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე
ტერიტორიებიდან:
- „ახმეტელის თეატრი“
- „დიდუბე“
- „სამგორი“ (ზედა გასასვლელი)
საგამოცდო ცენტრები, რომელთა მიმართულებითაც დაწესდება ტრანსპორტი:
მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს მიიყვანენ შემდეგ საჯარო სკოლებთან
გახსნილ საგამოცდო ცენტრებში: №39, №103, №147, №160, №175, №177,
№181 და №191.