გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა,
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის პირველი ექვსი თვის
განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება
გაატარა.
უწყების ინფორმაციით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი
პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას
ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153-ზე შემოსულ
შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული
ღონისძიებები განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე ტარდება, სადაც
ბრაკონიერობის
ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა
და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა
პრევენციული ღონისძიებები მდინარეებზე – ჭოროხი, ტარჩენა, ენგური,
ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, ჭანისწყალი, ლესისწყალი და მტკვარი,
ასევე გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის
წყალსაცავებზე ჩაატარეს.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა
პრევენციული ღონისძიებები თბილისის ზღვაზეც განახორციელეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 3500 მეტრზე მეტი
სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე – ე.წ. „გოდორი“, „ფაცერი“
და „ოჩხი“.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
თევზმახეებსა და ბადეებში გახლართული თევზი ბუნებრივ გარემოში
დააბრუნეს.