ახმეტის მუნიციპალიტეტში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქემ სოფელ მატნის მიმდებარედ, მდინარე კურტანაძეულში, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის თევზი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს

ახმეტის რაიონულ პოლიციაში დაიწყო.

უწყება განმარტავს, რომ ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ასევე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კანონით დასჯად ქმედებად ითვლება ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

მოქალაქეებს სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153. უწყების ინფორმაციით, თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები