ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების

პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სავაჭრო ობიექტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები