შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში
ნასამართლევი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში,
ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა
ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდო
დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას
გულისხმობს და სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.