შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დაკავდა. მათ შორის,
ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია.
დაკავებულთა შორის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
არიან.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების
საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების
საკონტროლო შესყიდვა და პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ასევე,
დაკავებულები არიან
პირები, რომელთა მხილების მიზნითაც
სამართალდამცველებმა მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების შენიღბული
ჩანაცვლება განახორციელეს.
ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების
ჩხრეკისას, ისევე როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს,
ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით
დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და
ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ალფა-პვპ“,
„კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“, მცენარე
„კანაფი“ და სხვა. გარდა ამისა, ამოღებულია ნარკოტიკების
დასაფასოებელი მასალები, ელექტრო სასწორები და რეალიზაციიდან,
სავარაუდოდ, მიღებული ფულადი თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე
ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,
რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 000-მდე პირი,
საიდანაც 1 000-მდე პირი ნარკორეალიზაციაში მონაწილეობდა. უწყების
განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ნარკოდანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.