აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი დოკუმენტაციის დამზადების საქმეზე პროკურატურამ კიდევ 4 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, კიდევ 4 პირს წარუდგინა ბრალდება.

საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, სამმა მოქალაქემ ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ ამზადებდა ყალბ ისტორიებსა და

მტკიცებულებებს (ე.წ. „ქეისებს“) ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ამ დოკუმენტებით უპრობლემოდ მიიღებდნენ თავშესაფარს. ისინი თხზავდნენ გამოგონილ ისტორიებს სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა თუ სამართალდამცავების მხრიდან დევნის შესახებ, რის გასამყარებლადაც ყალბ დოკუმენტებს ქმნიდნენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულია 500-მდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლის ისტორიები და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები. გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში, ჯგუფის წევრებმა ამ საქმიანობით ფინანსური სარგებლის სახით მიიღეს 675 794 ლარი, 388 526 აშშ დოლარი და 4 964 ევრო.

ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ ერთი პირის მიმართ, რომელიც ზემოხსენებული ჯგუფის წევრებისთვის ყალბი დოკუმენტების დამზადებას უზრუნველყოფდა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 13 ივლისს დაკავდა ერთი პირი. მას და კიდევ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ სსკ-ის 344-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეოთხე ბრალდებულს ბრალდება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის უკვე გამოვლენილია კიდევ ორი ორგანიზებული ჯგუფი, დაკავებულია 3 პირი, ხოლო 6 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა შესაძლო მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები