საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი იცვლება
საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების მიღების წესი იცვლება. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოსამსახურეს მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ვადით ეძლევა დეკრეტული შვებულება, საიდანაც 90 კალენდარული დღე არის ანაზღაურებადი.

საჯარო მოსამსახურეს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დღეებიდან აუნაზღაურდება 90 კალენდარული დღე მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია.

„ახალშობილის დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულებიდან შვებულების გარკვეული ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვის მამას ბავშვის მოვლის გამო შვებულება აუნაზღაურდება დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოუყენებელი დღეების პროპორციულად, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა“, - ვკითხულობთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.

აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელემ შვებულების ანაზღაურების მისაღებად საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცელი, ბავშვის დაბადების მოწმობა და მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოეშვა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, შვებულება მიეცემა ამ ბრძანებით დადგენილი წესით.


წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები