აჭარასა და გურიაში 22 უკანონო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ იყო მოწყობილი და საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე საქმიანობდა.

მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ერთდროულად 22 ლოკაციაზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და

კონვერტაციისთვის საჭირო ინვენტარი ამოიღეს. ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები